მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სს “ბითიეი ბანკმა“ შეიცვალა სახელწოდება და განაგრძობს მუშაობას
„სილქ როუდ ბანკის“ სახელით
geo




გენერალური ხელშეკრულება საინკასაციო მომსახურების შესახებ

გენერალური ხელშეკრულება საინკასაციო მომსახურების შესახებ

ქ.თბილისი .

ხელშეკრულების მონაწილე მხარეები:

ერთის მხრივ - სააქციო საზოგადოება „სილქ როუდ ბანკი" (შემდგომში „ბანკი") მდებარე მისამართზე : ქ თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2 ; ს/კ - 201955027; (ტელ: 2 242 242) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის ალექსანდრე ძნელაძის სახით

მეორეს მხრივ - კლიენტი

ერთობლივი სურვილის შესაბამისად ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 
 

1.ხელშეკრულების საგანი

1.1. ბანკი იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში და საინკასაციო მომსახურების განაცხადის შესაბამისად მრავალჯერადად კლიენტს გაუწიოს საინკასაციო მომსახურება კლიენტის ფულადი სახსრების და სხვა ფასეულობების (შემდგომში "ფასეულობები) გადაზიდვა/ინკასირებაში.

1.2. კლიენტი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ბანკს გაწეული საინკასაციო მომსახურეობის სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც მითითებული იქნება საინკასაციო მომსახურების შესაბამის განაცხადებში.

2.საინკასაციო მომსახურების მნიშვნელოვანი პირობები

2.1.საინკასაციო მომსახურეობის გაწევის თარიღი, ობიექტი, მომსახურების მიწოდების დაწყების და დასრულების მისამართები და პერიოდულობა მითითებული იქნება საინკასაციო მომსახურების განაცხადებში;

2.2.საინკასაციო მომსახურების გაწევის მიზნით კლიენტი ავსებს საინკასაციო მომსახურების განაცხადს, რისი მეშვეობითა ბანკს აძლევს დავალება შესაბამის მომსახურებაზე. განაცხადით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების დებულებები.

3.საინკასაციო მომსახურების გაწევის წესი

3.1. ბანკი, კლიენტის ფასეულობების ინკასირებას ახორციელებს საინკასაციო მომსახურების განაცხადში მითითებული მისამართიდან ამავე განაცხადში მითითებულ საბოლოო პუნქტამდე და პერიოდულობით.

3.2. საინკასაციო მომსახურეობის შესაბამისი განაცხადით დადგენილი პერიოდულობისგან განსხვავებული დროის დადგენისა და/ან მასში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ სამი სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს ბანკს, რის საფუძველზეც ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მომსახურეობის გაწევის პერიოდულობაში ცვლილების შეტანის შესახებ და მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს კლიენტთან.

3.3. საინკასაციო მომსახურეობის გაწევისას კლიენტის ფასეულობები თავსდება ინკასაციის ჩანთაში, რომელიც ილუქება კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ისე, რომ თავიდან იქნას აცილებელი პლომბის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

3.4. დალუქული საინკასაციო ჩანთა გადაეცემა ბანკის ინკასატორს მისი დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის მიზნით.

3.5. ინკასატორი არანაირი სახით არ იღებს მონაწილეობას საინკასაციო ჩანთის დალუქვაში და ჩანთის შიგთავსის შემოწმებაში.

3.6. საინკასაციო ჩანთის მიღების წინ ინკასატორი წარუდგენს კლიენტის უფლებამოსილ პირს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან ბანკის მიერ გაცემულ პირადობის მოწმობას, კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ამოწმებს ინკასატორის ვინაობას, მინდობილობას ფასეულობის მიღებაზე და გამოცხადების ბარათს.

3.7. საინკასაციო ჩანთის და ლუქის სიმთელის დაზიანების აღმოჩენისას და თანხლები დოკუმენტების გაფორმებაში დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ფასეულობათა მიღება წყდება, ინკასატორის თანდასწრებით სწორდება ის შეცდომები და დეფექტები, რომელთა გასწორებაც არ არღვევს ინკასატორთა ბრიგადის მუშაობის გრაფიკს და მხოლოდ მას შემდეგ ხორციელდება საინკასაციო ჩანთის მიღება.

3.8. საინკასაციო ჩანთის მიღების შემდეგ ბანკი პასუხისმგებელია საინკასაციო ჩანთის და მისი პუქის სიმთელის დაცვაზე და დანიშნულების (შესაბამის განაცხადში მითითებულ) ადგილამდე მიტანაზე. 

4.საინკასაციო მომსახურეობის საზღაური 

4.1.საინკასაციო მომსახურეობის საზღაური გადასახადების ჩათვლით მითითებული იქნება საინკასაციო მომსახურების შესაბამის განაცხადში. 

5.ხელშეკრულების მოქმედების ვადა 

5.1.ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მის გაუქმებამდე.

5.2.ამასთან ერთად, მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააუქმონ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება წინასწარ შესაბამისი გაფრთხილების მეორე მხარისთვის გაგზავნის გზით. 

6.მხარეთა ვალდებულებები  

6.1.კლიენტი ვალდებულია:  

6.1.1.მკაცრად დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და ამ ხელშეკრულებით მოცემული საინკასაციო მომსახურების წესები და ხელი შეუწყოს ბანკს მათ განხორციელებაზე.

6.1.2.დაბრკოლების გარეშე მიაწოდოს ბანკს ყველა საჭირო ინფორმაცია, რასაც ბანკი მოითხოვს საინკასაციო მომსახურების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით.

6.1.3.აცნობოს ბანკს ყველა მისთვის ცნობილი ინფორმაცია და ფაქტები, რასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს ბანკისათვის ინკასაციის განხორციელების რისკის, კონკრეტული საფრთხის განჭვრეტის, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისა და შესაბამისი ზომების მისაღებად.

6.1.4.უზრუნველყოს ბანკის ინკასატორები საინკასაციო მანქანიდან ფასეულობათა შენახვის ოთახამდე და პირიქით მისასვლელი გზით, განათებით (ასეთის აუცილებლობისას) და მიიღოს უსაფრთხოების ზომები, ასევე გამოყოს ცალკე ოთახი შენობის პირველ სართულზე ფასეულობის მისაღებად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ინკასატორის მიცილება საინკასაციო მანქანამდე და საინკასაციო მანქანიდან ფასეულობათა მისაღებ ოთახამდე.

6.1.5.უზრუნველყოს ფასეულობათა მიღება-გადაცემის ადგილის დაცვა.

6.1.6.გადასაზიდი ფაეულობები საინკასაციო ჩანთაში ჩააწყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

6.1.7.საინკასაციო ჩანთის დალუქვისას დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები.

6.1.8.დალუქული საინკასაციო ჩანთა მზად ჰქონდეს ინკასატორისათვის გადასაცემად.  

6.2.ბანკი ვალდებულია: 

6.2.1.მკაცრად დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი და ამ ხელშეკრულებაში მოცემული საინკასაციო მომსახურების წესები.

6.2.2.ინკასირების მიზნით არ მიიღოს ისეთი საინკასაციო ჩანთა, რომლის ქსოვილიც გახეულია ან დაკერებულია გარედან (ასევე, თუ შეუძლებელია იმის დადგენა გარედანაა ჩანთა გაკერილი, თუ - შიგნიდან), კანაფი გადაბმულია, პლომბირის (ლუქის) ანაბეჭდი არ იკითხება ან არ შეესაბამება ბანკის მიერ დამოწმებული პლომბირის ნიმუშს, ან თუ გამოცხადების ბარათში ზედნადებზე და თანმხლებითი უწყისის ეგზემპლარზე აღნიშნული თანხის/ფასეულობები რაოდენობა არ შეესაბამება ერთმანეთს ან თუ საინკასაციო ჩანთის ნომერი არ შეესაბამება თანხლებით დოკუმენტში ჩაწერილ საინკასაციო ჩანთის ნომერს.  

7.მხარეთა პასუხისმგებლობა 

7.1. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულების პირობების დარღვევით წარმოქმნილი ზარალისათვის.

7.2. ინკასატორის მიერ საინკასაციო ჩანთის დაკარგვისას, ასევე დეფექტური საინკასაციო ჩანთის მიღებისას (თუ აღმოჩნდება ფასეულობის დანაკლისი) წარმოიქმნა ფასეულობების დანაკლისი თუ, დანაკლისის წარმოქმნის მიზეზს იძლევა საინკასაციო ჩანთის დეფექტი ბანკი კლიენტს უნაზღაურებს მიყენებულ ზარალს.

7.3. ზარალი გამოითვლება კლიენტთან დარჩენილი უწყისის მესამე ეგზემპლარზე, ან ფულის ჩეკზე აღნიშნული თანხის რაოდენობის მიხედვით.

7.4. საინკასაციო მომსახურეობის საზღაურის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში კლიენტი დამატებით ჯარიმის სახით ბანკს უხდის ასანაზღაურებელ თანხასთან ერთად გადასახდელი თანხის 0,5%-ს ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე.

7.5. ბანკი არ აგებს პასუხს კლიენტის წინაშე, თუ საინკასაციო მომსახურებისას კლიენტმა დანაკარგი განიცადა ერთ ერთი შემდეგი მიზეზის საფუძველზე:

7.5.1.კლიენტი არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

7.5.2.კლიენტი არ ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს;

7.5.3.საინკასაციო ჩანთის გახსნისას მასში აღმოჩნდა ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობების დანაკლისი (აღნიშნულზე დგება დანაკლისის აღმოჩენის ოქმი).

7.5.4. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობით.  

8.ფორს-მაჟორი 

8.1.ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი" ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ბანკის ან კლიენტის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინითა და სხვა.

8.2.ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ შესაბამისი მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს.  

9.დასკვნითი დებულებანი  

9.1.საკითხი, რომელიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2.კლიენტი გაეცნო ინკასაციის და ფასეულობათა გადაზიდვის განხორციელების წესებს და კისრულობს ვალდებულებას განუხრელად დაიცვას ისინი, ასევე დაიცვას ინკასაციის ოპერაციებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

9.3.მხარეები მიმართავენ მთელს ძალისხმევას წარმოშობილი დავის/უთანხმოების მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.

9.4.წინამდებარე ხელშეკრულება აუქმებს მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან მიღებულ ყველა სახის შეთანხმებას, დამოუკიდებლად მისი ფორმისა.

9.5.ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილება ან/და დამტება ძალაში შედის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მხოლოდ წერილობითი ფორმით.

9.6.ხელშეკრულება შედგენილია სამი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება ბანკში ერთი კლიენტთან.  


 

 

01.03.2018 წელი

--------------------------------

 





 
 


საავტორო უფლებები დაცულია © 2013. SILK ROAD BANK